logo
ENG



"იყავი და დარჩები ჩემთვის გმირად - ვიცხოვრებ ისე, როგორც მასწავლე" - ნავალნის შვილის წერილი

01 მარ 202421:37
3 წუთის საკითხავი
 
2024/03/01/599o5c9t5a4k28c.jpg

დაღუპული რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის შვილი დაშა ნავალნაია მამის დაკრძალვის შემდეგ სოციალურ ქსელში გამოსამშვიდობებელ წერილს აქვეყნებს.

"რაღაც ისე მოხდა, რომ ყველასთვის მიღებულია თქმა “ჩემი მშობლები - ჩემი მისაბაძი მაგალითია”, ჩემს შემთხვევაში, ეს სიმართლეა.

მამა, შენ იყავი მაგალითი ბევრისთვის მთელ მსოფლიოში. შენი ოპტიმიზმი და გადამდები, გულწრფელი ღიმილი. შენი ცნობისმოყვარეობა და სწრაფვა ახლის შესწავლისკენ. ყველასთან საერთო ენის პოვნის შენი საოცარი უნარი. იუმორის გრძნობა. სიმტკიცე. სიტყვების სწორ მომენტში შერჩევის უნარი (ან ხუმრობა, რთულ სიტუაციაში ყველას დასამშვიდებლად). შენი სიკეთე. სიკეთე და რწმენა, საკუთარი თავის, ხალხის. ბავშვობიდან მასწავლიდი პრინციპებით ცხოვრებას. ღირსეულად ცხოვრებას. შენ სიცოცხლე გაწირე ჩემთვის, დედასთვის, ზახარისთვის, რუსეთისთვის და გპირდები, რომ მე ვიცხოვრებ ისე, როგორც შენ მასწავლე, რათა იამაყო ჩემით, რაც მთავარია - ისეთივე ნათელი ღიმილით სახეზე.

შენ ყოველთვის იყავი და სამუდამოდ დარჩები ჩემთვის მაგალითად. ჩემს გმირად. ჩემს მამად", - წერს დაშა ნავალნაია.

ალექსეი ნავალნი ბორისოვის სასაფლაოზე დღეს დარკძალეს.

დაკავების რისკისა და უდაფრთხოების გაძლიერებული ზომების მიუხედავად, მოქალაქეთა დიდი ნაწილი დილიდან ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძართან შეიკრიბა, სადაც პანაშვიდი მიმდინარეობდა. ისინი ნავალნის დედას, ლუდმილა ნავალნაიას ერთდროულად უხდიდნენ მადლობას და ბოდიშს.

ადგილზე მოქალაქეების რამდენიმე კილომეტრიანი რიგი იდგა. უმეტესობამ ტაძარში შესვლა ვერ მოახერხა, რადგან ნავალნის პანაშვიდი ერთ საათს გაგრძელდა და სამართალდამცავები ეკლესიაში ხალხს რიგრიგობით უშვებდნენ.

ეკლესიაში იმყოფებოდნენ რუსი პოლიტიკოსები, ბორის ნადეჟდინი და ეკატერინა დუნცოვა, ასევე უცხოელი დიპლომატები. ტაძართან მივიდნენ აშშ-ის, გერმანიისა და საფრანგეთის ელჩებიც.  

***

16 თებერვალს, რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალექსეი ნავალნი გამოსასწორებელ კოლონიაში დაიღუპა

ნავალნი 47 წლის იყო.

რუსეთის სასჯელაღსრულების რეგიონულ სამმართველოში ამტკიცებენ, რომ ყველა საჭირო რეანიმაციული ღონისძიება ჩატარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს: "გარდაცვალების მიზეზი დგინდება".

კრემლის პროპაგანდისტული RT ირწმუნება, რომ ნავალნის გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა თრომბია.

დეკემბერში ალექსეი ნავალნი განსაკუთრებული რეჟიმის კოლონიაში გადაიყვანეს, რომელიც პოლარული წრის მიღმა მდებარეობს.

ალექსეი ნავალნი 2021 წელს დააკავეს, როდესაც გერმანიიდან რუსეთში დაბრუნდა, სადაც მოწამვლის შემდეგ მკურნალობას გადიოდა. მაშინ ივ როშეს საქმეზე პოლიტიკოსს პირობითი მსჯავრი რეალურით შეუცვალეს.

2022 წელს სასამართლომ ნავალნის 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და ის თაღლითობაში დაადანაშაულა. 2023 წლის აგვისტოს ე.წ. ექსტრემიზმის საქმეზე ნავალნის 19 წელი მიუსაჯეს. თავდაპირველად ნავალნი ვლადიმირის ოლქის ციხეში იმყოფებოდა. გასული წლის დეკემბერში კი მისი ეტაპირება მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოხდა.

ეატპირების პერიოდში ალექსეი ნავალნის თანამოაზრეები და ადვოკატები 20 დღის განმავლობაში ვერ უკავშირდებოდნენ, 25 დეკემბერს კი ცნობილი გახდა, რომ ახალ ციხეში გადაიყვანეს.

3 კოლონიაში, რომელსაც "პოლარულ მგელსაც" უწოდებენ და სადაც ახლა ნავალნი იყო მოთავსებული, იმყოფებოდნენ YUKOS-ის ერთ-ერთი თანამფლობელი პლატონ ლებედევი, ასევე უკრაინელი რეჟისორი და აქტივისტი ოლეგ სენცოვი.

აღნიშნულ ციხეში პირობები საკმაოდ მკაცრია, მისვლაც საკმაოდ რთულია და წერილების მიწოდებაც გართულებულია.


close დახურვა